
"თბილისში ჩამოსვლა ჩვენი მხრიდან მკაფიო გზავნილია": NATO–ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში
09/11/2023 18:22:27 თავდაცვა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტმა საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა გამართა. საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ დისკუსიებისას დრო დაეთმო უსაფრთხოების გარემოზე მსჯელობას, იყო საუბარი უშუალოდ შავი ზღვის რეგიონზეც, სადაც საქართველოსთვის ფუნქციური როლის მოპოვება არსებითად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კონტექსტში.
„სხდომის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ერთობლივ სხდომაზე ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ალიანსთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზე“, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ბოლოს საქარველოში 2021 წელს შედგა, მას შემდეგ გაიმართა მრავალი შეხვედრა, „მაგრამ თბილისში ჩამოსვლა და აქ შეხვედრის გამართვა ჩვენი მხრიდან მკაფიო გზავნილია: ჩვენთვის ნატოს საქართველოსთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია“.
„სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონზე“,– თქვა ადმირალმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, განიხილეს ნატო–ს თანამშრომლობა საქართველოსთან ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში:
„მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად“.
"ჩვენ იმ ქვეყნებს შორის ვართ, რომელსაც ნატო–ს სამხედრო კომიტეტი ასეთი დიდი წარმომადგენლობით სტუმრობს და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ,– ასე დაიწყო თავისი მისასალმებელი სიტყვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ხაზი გაუსვა რომ ამ დონის ვიზიტები მნიშვნელოვანია როგორც თავდაცვის ძალებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
მან საზოგადოებას მიულოცა ევროკომისიის გუშინდელი ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემის თაობაზე, რომელიც „ცივილიზაციის წევრობამდე მიგვიყვანს“ და თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია ჩვენი „ნატო–ში გაწევრიანებისკენ“. ამისთვის მან პარტნიორებს გადაუხადა მადლობა.
„როგორც იცით, ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, მათ შორის ომი აფხაზეთში, რომელიც 13 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ამ სასტიკი ომების შედეგად კი საქართველოს 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. როგორც ადმირალმა აღნიშნა, დიახ, ჩვენ ერთად ვართ, ერთად ვიყავით ავღანეთში, სადაც ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ იქ დიდი დანაკარგი განვიცადეთ, დაგვეღუპა 32 სამხედრო მოსამსახურე, გვყავს ასობით დაჭრილი და დაშავებული სამხედრო, მაგრამ კარგად გვესმის, რა ფასი აქვს, იყო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ და იყო ცივილიზაციის წევრი“,– თქვა ბურჭულაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, წელს საქართველომ 27 სწავლებას უმასპინძლა, მათ შორის 7 საერთაშორისოს – იყო ნატო–საქართველოს სწავლება მარტში, შემდეგ – „მტკიცე სული“:
„ჩვენ ვაფასებთ, ვიცით რა მნიშვნელობა აქვს ერთად ყოფნას, ურთიერთთავსებადობას. ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, წითელ ხაზსაც კი ვავლებთ“.
მისი თქმით, გაგრძელდება რეფორმები, რათა გაიზარდოს თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და შეკავების შესაძლებლობები. მან „ისტორიული, ინსტიტუციური რეფორმა“ უწოდა თავდაცვის კოდექსის მიღებას, რომელიც მისი თქმით, მომავალში „თავდაცვის სფეროში მთავარი ინსტიტუციური მარეგულირებელია“. დასასრულს თქვა, რომ წვრთნები და სწავლებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
სამხედრო კომიტეტი საქართველოში მეხუთედ იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. კომიტეტის წევრები „კრწანისშიც“ იმყოფებოდნენ, სადაც ისინი უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ.