რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...

18-12-2019 00:29:10 თვალსაზრისი ,სხვა ,სამართალი ,ანალიზი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „მწვანე სკოლის“ კედელზე გაჩნდა წარწერა „ამ ცხოვრების დედაც!“. შემდეგ ადმინისტრაციას „რაღაც ეგონა“, შემდეგ „ვიღაცამ ვიღაცას“ მიაგნო, შემდეგ 15 წლის სიცოცხლე ფანჯრიდან გადმოფრინდა, გაჩნდა მცირე იმედი, მაგრამ სიკვდილმა 6 დღე იბრძოლა და ბოლოს მაინც გაიმარჯვა. გაიმარჯვა ყველაზე: სისტემაზე, «წვრილფეხა» ჩინოსნებზე, უგუნურ პოლიტიკაზე და, რაც ყველაზე ტრაგიკულია, შენზე, ჩემზე – საზოგადოებაზე, რადგან 15 წლის სიცოცხლე ვერავინ დაიცვა. ლუკა სირაძემ დატოვა თავისი ხმა, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა, რომელსაც ისედაც დააგვიანდა: მცირე ხნით ემახსოვრება მორიგი გვარ-სახელი, უკვე მერამდენედ დაღვრის და დაიშრობს ცრემლს, თუ ბოლოს და ბოლოს მიიღებს გამოწვევას?! დღეს წარწერა „ამ ცხოვრების დედაც!“ გაჩნდა დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს პირველი განყოფილების კედელზეც, სადაც ლუკა იკითხებოდა, მაგრამ საკმარისია კი? ლუკა თავისი პრობლემებით უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი გავიცანით ყველამ, ამის გამომწვევ პრობლემებზე კი ვსაუბრობთ ტრადიციულად გვიან - მას შემდეგ, რაც 17 დეკემბერს, 20:10 სთ-ზე მას გული გაუჩერდა....

"ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით, დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე", - ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ალბათ ირონიულია, მაგრამ 17 დეკემბერს, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დააკავეს საქმის გამომძიებელი მარინა ჩულოიანი. დაკავების დროს არ აზუსტებენ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილება სწორედ ამ მძიმე ცნობის შემდეგ იქნა მიღებული. სადავო საკითხი კი ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს და არა თვითმკვლელობამდე მიყვანას.

„აუცილებელი არ იყო, სიკვდილი დამდგარიყო. მეეჭვება, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ბოლო 20 წუთში ჩატარებულიყო. სახელმწიფო ინსპექტორს ორი არჩევანი ჰქონდა: ყოფილიყო ისეთი ორგანო, როგორიც პროკურატურაა, ან დამნაშავე დაეკავებინათ. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, არც ერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ მიცემულა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი კი იმისთვის შეიქმნა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს“,– ამბობს ლუკას ოჯახის ადვოკატი საია–დან რევაზ აჭარაძე.

თავად თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ორიოდ დღის წინ გახდა ცნობილი.

„ჩემს ძმასთან სამ პოლიციელს ჰქონდა შეხება [10 დეკემბერს]: გამომძიებელ მარიანა ჩულოიანს [ამჟამად დაკავებულია] და კიდევ ორ მამაკაცს, რომლებმაც მიიღეს აგრესიულ გამოხტომებში მონაწილეობა. როგორც ვიცი, დაკითხვის დროს იყო დაძაბულობა ჩემს ძმასა და გამომძიებელს შორის. დედამ სცადა მისი [ლუკას] დამშვიდება და როგორც ისინი [შსს] აცხადებენ, მოხდა გარიდება იგივე სივრცეში, თუმცა დედა ამბობს, რომ ასე არ მომხდარა. როდესაც დაიძაბა ვითარება, ოთახში მყოფმა მამაკაცმა პოლიციელმა ჩემს ძმას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ხმაურზე სხვა ოთახიდან შემოვიდა პოლიციელი და სწორედ მან გაიყვანა ჩემი ძმა დაკითხვის ოთახიდან. როდესაც იქიდან გამოვიდა ჩემი ძმა, იყო ატირებული და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა გამომძიებელმა უპასუხა, „თუ ჩავთვლი საჭიროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძახებენო“. მერე დედამ ჰკითხა [ლუკას], რა ხდებოდა იმ ოთახში [სადაც მოზარდი პოლიციელთან მარტო იმყოფებოდა]. ჩემმა ძმამ უპასუხა, რომ პოლიციელი მას წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებით ემუქრებოდა“, – ყვება გარდაცვლილი მოზარდის ძმა ბექა სირაძე.

ჯამში ლუკა პოლიციელთან მარტო ორჯერ დარჩა. გამომძიებელი მარიანა ჩულოიანი ბექა სირაძის მონათხრობის კიდევ ერთ ეპიზოდში იკავებს მთავარ ადგილს. 11 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც დედა-შვილი გამოკითხვიდან გამოვიდნენ, მოზარდი მასწავლებელთან წავიდა. უკან დაბრუნებული კვლავ განერვიულებული იყო. დედა შეეცადა, ბიჭი დაემშვიდებინა, თუმცა რამდენიმე წუთში მოზარდმა სახლის კარი გაიხურა და დედას მიაძახა, „მე აღარ დავბრუნდებიო“.

როგორც ბექა ყვება, დედამ გამომძიებელ მარიანა ჩულოიანს დაურეკა და დახმარება სთხოვა. თუმცა მან უარი უთხრა: „ასე უპასუხა, ჩამოვიდეს შენი შვილი და მოძებნოსო. იმ დღეს არ ვიყავი ქალაქში. არ ვიცი, არანაირი მოსაზრება არ მაქვს, რატომ უპასუხა გამომძიებელმა დედას ასე“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ მოზარდს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მოზარდის ოჯახის ადვოკატი რევაზ აჭარაძე კი ამბობს, რომ ბავშვი მუქარით მიიყვანეს აღიარებით ჩვენებამდე:

„პირდაპირ უთხრეს ბავშვს, შენი ძმა ვეღარ გააგრძელებს სწავლასო. მისი ძმა 20 წლისაა და სამხედრო აკადემიაში სწავლობს. დედის თანდასწრებით უთხრეს ეს ბავშვს. დედა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიების ნათქვამი მანაც სწორედ მუქარად აღიქვა. რომ მის უფროს ვაჟსაც პრობლემა შეექმნებოდა, თუკი მოზარდი არ აღიარებდა დანაშაულს. ბოლოს აღიარებამდე მიიყვანეს ბავშვი“.

ადვოკატის თქმით, შემთხვევის შემდეგ მან გამოკითხა მოზარდის მეგობრები, შეისწავლა ლუკას ჩანაწერები: “ოპტიმისტური ჩანაწერები ჰქონდა. არანაირი ისეთი მესიჯები არ ამომიკითხავს, რომელიც სუიციდალურ მიდრეკილებაზე მიანიშნებდა. მისი ყველა ჩანაწერი იყო ძალიან იმედიანი“.

„პარტნიორობის ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე სისტემურ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ამ ქვეყანაში სისტემა არასდროს ყოფილა ბავშვზე ორიენტირებული. არ შეიძლება, სტატისტიკად იქცეს ბავშვების ტანჯვა, რომელიც სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვანაირად გამოიყურება. პოლიციის სისტემაში ეს კიდევ უფრო მწვავეა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვებს არ ექცევიან ისე, როგორც უნდა ექცეოდნენ. მხოლოდ 2019 წელს სამი ტრაგედია გავიხსენოთ: ბავშვი ჯართის შეგროვების დროს თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა (ეს არის ქვეყნის სოციალური კრიზისის მაჩვენებელი); გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, რომელზეც ძალადობდა ოჯახის წევრი, ეს იცოდა შსს–მ, სოციალურმა სამსახურმა, მაგრამ მოძალადეს დაუბრუნეს ის და მშობელმა მოკლა; და ბოლოს - დღევანდელი ტრაგედია. ვიცი, რომ მოზარდ ბიჭებს ქუჩაში აჩერებენ, პოლიციის მანქანაში სვამენ ისე, რომ სამხრე კამერები გამორთულია და ხორციელდება ტერორი. მათ [შსს–ს] რომ ჰკითხოთ, ეს „პრევენციაა“, რეალურად კი - საბჭოური გადმონაშთი: დააშინე, დაჩაგრე და ვითომ აირიდე სავარაუდო რაღაც,– პოლიციას ბავშვებთან მიმართებაში ამგვარი მიდგომა აქვს“.

აბაშიძის შეფასებით, გამონაკლისს ამ მხრივ არც განათლების სისტემა წარმოადგენს:

„კრიზისია: სისტემა, რომელიც ბავშვებთან თანაარსებობს, არ არის პროფესიონალური, არ იციან ბავშვთა ქცევა. ლუკას შემთხვევაში პირველი, რაც სკოლას უნდა ეფიქრა, ისაა, რომ ბავშვი აძლევდა ნიშანს - „ვარ ცუდად“. ამ დროს თქვენს შვილთან დაკავშირებით როგორ მოიქცევით, პოლიციას დაურეკავთ? სკოლა იმის გამოა გასაკიცხი, რომ არ იცნობს ბავშვს და არ იცის ბავშვთან მოპყრობის წესი. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვის მეურვე გამხდარიყო იმ წამიდან, როდესაც ნახა ეს წარწერები და დაეცვა ყველასგან - მშობლისგან, პოლიციისგან (და ეს სწორი ქცევაა), მათ უბრალოდ თავიდან მოიცილეს. ეს რეალურად გულგრილობა იყო“.

აბაშიძე მიმართავს ბავშვებს: „არასდროს, არასდროს საპოლიციო სისტემასთან მარტო არ დარჩეთ, ხმა არ ამოიღოთ და არც ერთი სიტყვა არ უთხრათ პოლიციელს ადვოკატის გარეშე. ამას ვეუბნები ოჯახის წევრებსაც, რადგან ბავშვი, რომელიც სისტემასთან მარტო დარჩა, ვერ დაიცვა მშობელმა. მშობელი არ არის პროფესიონალი, მან შეიძლება, ემოციური მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბავშვს, მაგრამ შესაძლოა, აღელვდეს, შეშინდეს და კარგ დამცველად არ გამოდგეს. ამიტომ ბავშვს სისტემასთან შეხების დროს გვერდით უნდა ჰყავდეს ადვოკატი“.

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები, რომლებიც მოზარდის პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება, გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალური განცხადების საფუძველი გახდა. „იუნისეფის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კადრები დაკომპლექტდეს პროფესიონალებით, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვანებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა.

ახალგაზრდების ნაწილი საქმის ადეკვატურ გამოძიებას ითხოვს და ამისთვის შესაბამის უწყებას ვადას კვირის ბოლომდე აძლევს.

ავტორი: დიანა მუსელიანი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები