Accentnews.ge
ემიგრანტები აშშ-ში საქართველოს საელჩოში მივიდნენ და არჩევნების აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს

ემიგრანტები აშშ-ში საქართველოს საელჩოში მივიდნენ და არჩევნების აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს

28/11/2025 05:07:00 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში მივიდნენ და წერილი მიიტანეს, რომლითაც ითხოვენ არ შეეზღუდოთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.


საელჩოში მისულ ემიგრანტებს კარი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს კონსულმა, პაატა პაპუაშვილმა გაუღო, კართანვე მოისმინა საკითხი და ჩაიბარა წერილი, რომელსაც ხელს აშშ-ში მოქმედი 9 დიასპორული ორგანიზაცია აწერს.

„ქართული სათვისტომო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთხმად განვაცხადეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ინიციირებულია საქართველოში. დღეს კი ჩვენი ერთიანი განცხადება გადავეცით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს ვაშინგტონში.

ძალიან შეწუხებულები, შეშფოთებულები და შეურაცხყოფილები ვართ ამ ცვლილებებთ და ამის გამოსახატად მოვედით. მოვედით არა საპროტესტო აქციით, არამედ კონსტრუქციული შეხსენებით, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი წამოწყებაა.

გვაქვს მოლოდინი, რომ გაიგებენ ჩვენს ხმას,“ – ამბობს სალომე წერეთელი-სტივენსი, „ქართული ასოციაცია აშშ-შის“ პრეზიდენტი. ის იმ ემიგრანტებს შორის იყო, ვინც 25 ნოემბერს ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში მივიდა წერილის გადასაცემად.

ნიკოლოზ ჩხეიძე, ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ემიგრანტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა.

„ჩვენ გვქონდა სურვილი შევხვედროდით ქალბატონ ელჩს. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვერ შედგა. მაგრამ ჩვენი პეტიცია გადავეცით გენერალურ კონსულს, ამ მიმართვაში გამოხატულია ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის მიერ.

ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარიც არის, მიუღებელიც არის და ზოგადად ვთვლით, რომ ეს დამოკიდებულება ქართული ემიგრაციის მიმართ არის ძალიან მცდარი. დამანგრეველი იმ ურთიერთობებისა, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოსა და მის ემიგრაციას შორის.

ჩვენი მოთხოვნაა, ეს ინიციატივა გაიწვიოს საქართველოს პარლამენტმა და პირიქით, მოგვეცეს საშუალება ქართულ ემიგრაციას, რომლის ხმასაც ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოვადგენთ, მოგვეცეს საშუალება, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულები საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ამისი გზებიც არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ 100 ათასობით ქართველი ემიგრანტის გულის ძახილი მიაღწევს ჩვენს სამშობლოს პარლამენტამდე და ჩენი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება,” – თქვა ნიკოლოზ ჩხეიძემ, ქართული სათვისტომო ორგანიზაცია „თვისტომის“ ხელმძღვანელმა.



ერთობლივი განცხადება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის მიერ დაცული საარჩევნო უფლების შესახებ აშშ-ში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერს გაავრცელეს.

გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:

„ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაციები, ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებული იმ ცვლილებების გამო, რომლებიც არსებითად ზღუდავს, პრაქტიკულად კი სრულიად აუქმებს, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ ხმის მიცემის უფლებას.

ასეთი ინიციატივა შეცვლის მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად – მათ შორის:

საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 28) – რომელიც მოქალაქეებს აძლევს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევანის უფლებას;

საქართველოს საარჩევნო კოდექსს – რომელმაც წლების განმავლობაში განისაზღვრა საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ამომრჩევლების მონაწილეობა საკონსულო უბნების მეშვეობით;

გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს (ICCPR, მუხლი 25) – რომელიც ავალებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ხმის უფლება დაუსაბუთებელი შეზღუდვების გარეშე;

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) კოპენჰაგენის დოკუმენტს (1990) – რომელიც ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, შექმნან ინკლუზიური საარჩევნო სისტემები, რაც ყველა მოქალაქის მონაწილეობას უზრუნველყოფს;

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ვალდებულებებს, რომლებიც გარკვევით მოიცავს პოლიტიკური უფლებების, დიასპორის ჩართულობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.

ინიცირებული ცვლილება წარმოადგენს აქამდე გარანტირებული მონაწილეობის მექანიზმების შეზღუდვას, რაც მკაფიოდ სცილდება საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებული დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების ვალდებულებებს.

დღეს, ერთი მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

ათიათასობით მათგანი სწავლობს, მუშაობს და ცხოვრობს აშშ-ში, საიდანაც ისინი ინარჩუნებენ მჭიდრო ოჯახურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კავშირს საქართველოსთან.

მხოლოდ 2024 წელს აშშ-დან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 573 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზი 700 მილიონ დოლარზე ადის. ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრებში და სკოლებში კი ყოველწლიურად ასობით ბავშვი სწავლობს ენას, ცეკვას და სიმღერას – რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ და იდენტობით კავშირს ადასტურებს.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემა სიმბოლური აქტი არ არის – ეს არის მოქალაქეობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობის განუყოფელი ნაწილი.

დიასპორა საქართველოს საარჩევნო პროცესების ნაწილი წლების განმავლობაში იყო და ხმის მიცემის უფლება სამშობლოსთან კავშირს ამყარებს. ამ უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების კონსტიტუციურ პრინციპს, ამცირებს დემოკრატიულ ჩართულობას და აზიანებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს.

საარჩევნო უფლების შეზღუდვით საქართველო ასევე არღვევს საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და კანონიერებას.

საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში არ არის ხელისუფლების კეთილი ნება – ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც ეფუძნება ყველა მოქალაქის თანასწორ უფლებას.

ამიტომ, ჩვენ გულწრფელად და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

გადახედოს ინიცირებულ ცვლილებას, რათა არც ერთი ცვლილება არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ გარანტიებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
დაიცვას ხმის მიცემის საყოველთაობისა და თანასწორობის უფლება, მათ შორის საზღვარგარეთ მაცხოვრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
გააძლიეროს და განავითაროს საზღვარგარეთ ხმის მიცემის მექანიზმები.
შეზღუდვის ნაცვლად, შეიმუშავოს თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურებით.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესების უზრუნველსაყოფად, დამატებით, მოვუწოდებთ:

გაიზარდოს საგარეო საარჩევნო უბნების რაოდენობა დიასპორის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით;

გამარტივდეს ადმინისტრაციული პროცედურები საქართველოს გარეთ მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციისათვის, რათა აღმოიფხვრას ტექნიკური ბარიერები;

უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის უსაფრთხოება, სანდოობა და ხელმისაწვდომობა.

ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა მოქალაქემ – ქვეყნის შიგნით იქნება ის თუ საზღვარგარეთ, განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მომავლის ფორმირებაში. ხმის უფლება არ არის პროცედურული აქტი ან პრივილეგია; ეს არის კონსტიტუციური უფლება, რომელ საფუძველზეც დგას დემოკრატიული განვითარება.

საქართველოს თითოეულ მოქალაქისა და მომავალი თაობებისთვის ამ უფლების დასაცავად, მტკიცედ ვდგავართ ერთად,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

Georgian Heritage Foundation – ქართული მემკვიდრეობის ფონდი
Georgian Center of Creative Communications – Iveria – Las Vegas – ლას ვეგასის ქართლი შემოქმედებითი კომუნიკაციების ცენტრი – ივერია
Georgian Cultural and Educational Center of Southern California – სამხრეთ კალიფორნიის ქართული კულტურისა და განათლების ცენტრი
GeoVoice USA – ჯეოვოისი
ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი – Georgian-American Republican Alliance
Center of the European Experience GCEE (Georgian Center- ქართული ცენტრი)
US-Georgia Friendship Association – ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია
Tvistomi Association – ასოციაცია თვისტომი
Georgian Association in the USA – აშშ-ში ქართული ასოციაცია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S