
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
13/11/2023 14:16:53 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი მე-10 მოწვევის სეიმის საინაუგურაციო სხდომაზე გადადგა, როგორც ამას პოლონეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს.
მორავიეცკიმ, რომელიც ცდილობს ხმების მოგროვებას, რათა კვლავ მთავრობის მეთაურად დაინიშნოს, ყველას კოალიციაში შესვლისკენ მოუწოდა.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ ყველამ საზეიმო ფიცი დავდეთ ხალხის წინაშე სუვერენიტეტის დასაცავად და მოდით, ეს სიტყვები იყოს ჩვენი მეგზური, განსაკუთრებით მომავალში, რადგან, რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რა დიდ გამოწვევებს მოგვიტანს ეს დრო“, - განაცხადა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის მდივანმა მალგორზატა პაპროცკამ განაცხადა, რომ პარლამენტში გამართული ცერემონიების შემდეგ ანჯეი დუდა მთავრობის ფორმირების მისიას მორავიეცკის ანდობს.
ახალმა პრემიერმა დანიშვნიდან 14 დღის ვადაში სეიმს უნდა წარუდგინოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა ნდობის გამოცხადების წინადადებასთან ერთად. სეიმი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით უცხადებს ნდობას მთავრობას.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიას "კანონი და სამართლიანობა", რომელსაც მორავიეცკი წარმოადგენს, აქვს ყველაზე დიდი წარმომადგენლობა სეიმში, მან ვერ შეძლო საკმარისი ხმების მოპოვება უმრავლესობის ფორმირებისთვის. თუ მორავიეცკის მცდელობა მთავრობის ფორმირებაზე ჩავარდება, ეს უფლება გადაეცემა ოპოზიციას, რომელმაც უკვე მოამზადა კოალიციური შეთანხმება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერები დონალდ ტუსკის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.