
ირანი სომხეთს რუსული გაზის ჩანაცვლებას სთავაზობს
13/11/2023 14:49:17 კავკასია
ირანი მზად არის, მკვეთრად გაზარდოს გაზის მიწოდება სომხეთისთვის, განაცხადა ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ერევანში მეჰდი სობჰანიმ Civilnet-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ექსპორტის 3-4-ჯერ გაზრდაზე საუბარი შეიძლება პროგრამის „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“ ფარგლებში, რომელიც 2000-იანი წლების ბოლოდან ამოქმედდა და 2030 წლამდე გაგრძელდა.
ამ შეთანხმების თანახმად, სომხეთი ყოველწლიურად ახორციელებს 300-500 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის იმპორტს, სანაცვლოდ, ერევნის თბოელექტროსადგური აწვდის ირანს ელექტროენერგიით 1 კუბურ მეტრზე 3 კვტ/სთ-ით. ამავდროულად, რუსეთიდან შეძენილი დაახლოებით 2,5 მილიარდი კუბური მეტრი "გაზპრომს" საშუალებას აძლევს, დაიკავოს სომხური ბაზრის დაახლოებით 85%.
თეირანში, როგორც ელჩის სიტყვებიდან ირკვევა, მზად არიან, გაზარდონ მიწოდება წელიწადში 1,5–2 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რაც დაფარავს სომხეთის მოთხოვნილების 3/4–ს.
„გავაგრძელეთ ხელშეკრულება ელექტროენერგიის სანაცვლოდ გაზის მიწოდებაზე. ეს იყო დიდი სტრატეგიული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ამ კონტრაქტის წყალობით ჩვენ შევძლებთ, გაზის სანაცვლოდ სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი სამჯერ ან თუნდაც ოთხჯერ გავზარდოთ“, - განაცხადა სობჰანიმ.
ამასთან, მისი თქმით, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა უახლოეს თვეებში დასრულდება და სომხეთის ირანთან ვაჭრობის 40%-ით, წელიწადში 1 მილიარდ დოლარამდე ზრდის პროგნოზი გააკეთა.
„ჩვენ ყოველთვის ვამხნევებდით ირანულ კომპანიებს, ჩასულიყვნენ სომხეთში და ესარგებლათ სომხეთში დასაქმების შესაძლებლობებით – აწარმოონ პროდუქცია აქ და გაიტანონ ექსპორტზე სხვა ქვეყნებში. ზოგადად, ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს აქვს განვითარების კარგი დინამიკა და მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას“, - განაცხადა სობჰანიმ.