
კუხიანიძემ ახალგორში გადასვლა სცადა: "სადღაც ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე"
18/12/2019 12:22:51 კონფლიქტები
თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინების გამო “ქართული ოცნების” უმრავლესობის დატოვება მოუწია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩავიდა.
კუხიანიძის თქმით, ის უკვე მეორე დღეა ცდილობს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდეს და “წვლილი შეიტანოს” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.
“გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და უბრალოდ ახლა არ მინდა, ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის”,- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
მან ქართული მედიის წინაშე, ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა და სთხოვა, ახალი ურთიერთობების დაწყება, რისთვისაც საჭიროა გაათავისუფლონ ქართველი ექიმი, რომელმაც “მათი კანონები დაარღვია”.
რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ, 16 დეკემბერსაც გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გუნდი გაივლიდა კონსულტაციებს და გადაწყვეტილებას მეორე დღეს გააცნობდნენ.