
ტიკარაძე - 15 წლის მოზარდის საქმეზე: "ეს არის სისტემური ხარვეზი"
18/12/2019 14:26:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და მომხდარს "სისტემური ხარვეზის შედეგს" უწოდებს.
"ვთვლი, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას. ჩვენ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი. ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ერის მომავალი. ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური. მე ვარ მოზარდის დედა, ჩემი შვილიც, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ ემოციური ამ ფაქტის მიმართ. ეს იყო ჩემთვის ძალიან ძნელი. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ სხვადასხვა უწყებასთან”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სკოლებში სოციალური მუშაკების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს:
“ჩვენს როლს ამ კუთხით ვხედავთ სოციალური მუშაკების ჩართულობით სკოლებში. მეტ-ნაკლები შეხება ჩვენს უწყებას ჰქონდა საჯარო სკოლებთან და არ გვქონია კერძო სექტორის სკოლებთან. მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართულობა, რათა გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომელიც სკოლაში არსებობს, ეს იქნება პედაგოგების მხრიდან მოსწავლეთა მიმართებაში თუ თვითონ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი. ის ტრაგედია, რომელიც უკვე დადგა აღარ უნდა განმეორდეს“.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალური მუშაკების სკოლებში აქტიური ჩართულობა ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა და ერთი კვირა კი საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ სამინისტრომ პირველადი ხედვა წარადგინოს.
ცნობისთვის: "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.