
ძალადობისთვის ინგუშეთიდან სომხეთში გაქცეული ქალი ახლობლების თხოვნით დააკავეს
15/11/2023 09:58:32 კავკასია
სომხეთში ახლობლების თხოვნით დააკავეს ინგუშეთის 21 წლის მკვიდრი ფატიმა ზურაბოვა, რომელიც ოჯახში ძალადობას გაექცა. ამის შესახებ საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების მხარდამჭერი მოძრაობა „მარემის“ ხელმძღვანელი სვეტლანა ანოხინა იუწყება.
უსაფრთხოების ძალები მივიდნენ ქალაქ აშტარაკში მდებარე ბინაში, სადაც ზურაბოვა დროებით ცხოვრობდა და ის ერევნის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გოგონას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ შეატყობინეს და ტელეფონი ჩამოართვეს.
განყოფილებაში ქალი ინგუშეთიდან მის წასაყვანად სომხეთში ჩასულ ბიზასთან იუსუფთან და მის მეგობართან ერთად გამოკეტეს, რომლებიც მისგან შინ დაბრუნებას მუქარით მოითხოვდნენ. ამასობაში უსაფრთხოების ძალებმა ქალის ტელეფონზე წვდომა მოიპოვეს. ახალგაზრდა ქალმა პოლიციას უამბო, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და დახმარება ითხოვა, მაგრამ მათ უპასუხეს, რომ ვერანაირად ვერ დაეხმარნენ, რადგან „დანაშაული“ რუსეთის ტერიტორიაზეა ჩადენილი.
ამ დროისთვის ზურაბოვა პოლიციის განყოფილებაში რჩება, სადაც უსაფრთხოდაა, რადგან უფლებადამცველები შიშობენ, რომ განყოფილების დატოვების შემთხვევაში ქალი შესაძლოა, იძულებით დააბრუნონ შინ. ამავდროულად, ერევნის პოლიციამ უარი თქვა მისი განცხადების მიღებაზე ოჯახში ძალადობისა და ბიძის მხრიდან მუქარის თაობაზე, რომლის გარეშეც ქალს თავშესაფარში არ მიიღებდნენ.
„უხეშად დაირღვა მისი უფლებები - ჩაკეტეს ბიძასთან ერთად, არადა მან ითხოვა, ეს არ გაეკეთებინათ, წაართვეს ტელეფონი, არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლებას. ბიძის თქმით, მას ძალიან გავლენიანი მეგობრები ჰყავს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში და გვეშინია, რომ ისარგებლებს ამ კავშირებით. ბიძა ასევე იმუქრება, "გაიხსენებს, რომ მას ბეჭედი აკლია", ანუ გამოვა ქურდობის ბრალდება, რათა ფატიმა დააკავონ“, - განმარტა უფლებადამცველმა.
ნათესავი ასევე დაემუქრა, რომ „გაუმკლავდება ყველას, ვინც ფატიმას დაეხმარა“.
სექტემბრის ბოლოს ფატიმა ზურაბოვამ უფლებადამცველებს მიმართა და ოჯახში სისტემატურ ძალადობაზე ისაუბრა. მას სცემდნენ ინგუშური საზოგადოებისთვის „შეუსაბამო“ ქცევისთვის და „პრევენციული მიზნებით“, მაგალითად, ოჯახის სხვა წევრების მოსაზრებებთან შეუთანხმებლობის ან დაუმორჩილებლობისთვის. 8 ნოემბერს მან სამსახურში წასვლის საბაბით სახლიდან გასვლა შეძლო და "მარემ" ჯგუფის მხარდაჭერით სომხეთში გაფრინდა.