
თამაზ გინტურის ძმა: ოჯახი მოვითხოვთ მკვლელების გადმოცემას და სასტიკად დასჯას
15/11/2023 10:27:31 სამართალი
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გივი (ნიკოლოზ) გინტური გამოკითხვაზე დაიბარეს.
იგი ძმის მკვლელების დასჯას მოითხოვს.
„ჩემს ძმას, თამაზ გინტურს დაზარალებულის სტატუსი მისცეს. მივდივარ გამომძიებელთან. ჯერ არ ვიცი, გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ ვიცი, რომ მკვლელმა დევიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი 2 ადამიანზე საუბრობდა. მგონი, საგამოძიებო უწყებას ჩემზე კარგად ეცოდინება, ვინ არიან მკვლელები. ოჯახი მოვითხოვთ გადმოცემას და სასტიკად დასჯას. უნდა გაასამართლოს ჩვენმა მთავრობამ, მაგრამ... ხელისუფლება რას ამბობს და რას არა, არ მაინტერესებს. ვიცი, რომ ჩემს ძმას ჩაუსაფრდნენ და დაცხრილეს. მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას“, - განაცხადა გივი გინტურმა.
6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.