
პრემიერი – 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტზე: "ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არ არის, უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები"
19/12/2019 06:14:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფომ "გარკვეული დასკვნები უნდა გააკეთოს".
"უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამისი უწყებების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან აქვთ მათ შეხება, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება. ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ამასთან პრემიერმა საქმის ობიექტური გამოძიების პირობა დადო:
„კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან“.
ცნობისთვის: "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.