Accentnews.ge
„თუ არასამთავრობოები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდობლობას  გამოუცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ სინდისთან აქვთ პრობლემა"

„თუ არასამთავრობოები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდობლობას გამოუცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ მათ სინდისთან აქვთ პრობლემა"

19/12/2019 08:19:03 სხვა, სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდობლობას გამოუცხადებენ, ისინი „უსინდისოები“ იქნებიან.

„არასამთავრობო ორგანიზაციები თუკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოუცხადებენ უნდობლობას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სინდისთან აქვთ პრობლემა. რადგან სწორედ მათთან ერთად შემოვიტანეთ ეს რეფორმა“, – განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც 15 წლის ლუკა სირაძე დაიღუპა, ქვეყანის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობას გმობენ. 

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.  

„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.  

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S