16-11-2023 17:08:48 კავკასია
ბაქო უარს აცხადებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო.
„აშშ-ის ცალმხრივმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი, როგორც შუამავლის როლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესაძლებლად არ მიგვაჩნია შემოთავაზებული შეხვედრის ჩატარება ვაშინგტონში, 2023 წლის 20 ნოემბერში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო`ბრაიანის განცხადებებს ეხმაურება.
თავად ო’ბრაიენის განცხადებებს უწყება "უსაფუძვლოს და მიუღებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენასა და ო’ბრაიენის გამოსვლას აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე დარტყმად და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრად განიხილავენ.
„აზერბაიჯანის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“, - ამტკიცებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ო`ბრაიანმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია და რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ამჟამად ბაქოზეა დამოკიდებული.
მანამდე სომხეთი პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება წლის ბოლომდე გაფორმდება.