
"უნდა ვიფიქროთ, რომ კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავს მოთხოვნებს დაექვემდებაროს"
19/12/2019 08:22:29 სხვა, სამართალი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 15 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავს მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს.
"უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებაროს იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ის რომ კერძო არიან, არ ნიშნავს რომ განყენებულათ უნდა იყვნენ და არ უნდა შეეხოთ რეგულაციები", – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც 15 წლის ლუკა სირაძე დაიღუპა, ქვეყანის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობას გმობენ.
"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.
გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021