16-11-2023 20:14:24 კავკასია
აშშ და ევროპა სომხეთის დასავლურ საზოგადოებასთან დაახლოების ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ,– ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო'ბრაიენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მთიანი ყარაბაღის შესახებ მოსმენაზე ისაუბრა.
"ევროკომისიის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრას აპირებს აშშ-სა და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებას. ეს საკითხი პრემიერ–მინისტრს ფაშინიანთან რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ და ახლა შესაბამისი მოდელის შერჩევაზე ვმუშაობთ",– თქვა ო'ბრაიენმა.
მისივე თქმით, სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის კუთხით შეთავაზება, რომლის გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.
"ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ამაში დავეხმაროთ". - დასძინა ო'ბრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გაიხსენა საფრანგეთის "მნიშვნელოვანი" დახმარება ამ სფეროში.
კითხვაზე, თუ რა ინსტრუმენტების გამოყენება სურს ვაშინგტონს სამშვიდობო დღის წესრიგისთვის და განიხილავს თუ არა ის შესაძლო სანქციებს, ო'ბრაიენმა უპასუხა: „ჩვენ ვეძებთ ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს. არ ვაპირებ პროგნოზების გაკეთებას შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი არსენალის ნაწილია“.