Accentnews.ge
თალაკვაძე – აქტივისტებს: "ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ"

თალაკვაძე – აქტივისტებს: "ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ"

19/12/2019 09:00:23 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აქტივისტებს მიმართავს, რომ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ არ მოუწოდონ. 

"მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ჩვენ ამით ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებაზე", — განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ეს სახიფათო გზავნილია, მით უმეტეს, როდესაც ამას იმეორებენ უფროსები, რომლებისაც ბავშვებს სჯერათ:

"ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი, ვეუბნებით, რომ ამ საზოგადოებაში ამ ქვეყანაში პოზიტივის, ოპტიმიზმის ადგილი არაა და მათი ადგილიც არაა. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი. ყველა უნდა დავფიქრდეთ სანამ ასეთ კამპანიას დავგეგმავთ".

თაკალვაძის თქმით, უნდა მოვიქცეთ პირიქით, რათა ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ:

"მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, თუ როგორია უკეთესი სამყარო და როგორი უკეთესი სკოლაა, როგორია უკეთესი საზოგადოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ, პოზიტიურ გარემოში და ყოველ დილით ხალისით წავიდნენ სკოლაში".

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც 15 წლის ლუკა სირაძე დაიღუპა, ქვეყანის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობას გმობენ. 

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.  

„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.  

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S