
პატრიარქი: "გაჭირვებაშია კაცობრიობა, ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავს"
19/12/2019 09:47:54 სხვა, საზოგადოება
"გაჭირვებაშია კაცობრიობა, ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავს", – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვის შემდეგ განაცხადა.
„გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს - ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი”,- ბრძანა პატრიარქმა.
ცნობისთვის: "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.
გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021