17-11-2023 13:20:50 კავკასია
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოს ტერიტორიაზე წლის ბოლომდე გაფართოვდება, – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წელს და მისი გაფართოებაზე მუშაობა საქართველოში მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა ჯაბაროვმა ბაქოს მდგრადი განვითარების II ფორუმზე გამოსვლისას.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მეთაურების მეხუთე საკონსულტაციო შეხვედრაზე, ტაჯიკეთში განაცხადა, რომ ბაქო ახორციელებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზებას აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ტვირთის გადაზიდვის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
გასულ წელს ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მისი თქმით, რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთჯერ გაიზრდება - ხუთ მილიონ ტონამდე.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა.
2019 წელს რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ანკარაში ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსეთის რკინიგზის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ რკინიგზა არის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პროექტი, რომელშიც ნებისმიერი სხვა მონაწილის ჩართვა მხოლოდ სამივე ქვეყნის თანხმობით არის შესაძლებელი.