
საქართველოს იუსტიციის მინისტრი: შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება
17/11/2023 10:24:17 სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება. ამის შესახებ მან „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი", – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოში, თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი და იუსტიციის დეპარტამენტი, ხოლო საქართველოს – იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულებისა და რატიფიკაციის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავე პირთა მართლმსაჯულების წინაშე ეფექტურად წარდგენას.