
იუსტიციის მინისტრი: წინასწარი სამუშაოები დაწყებული გვაქვს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა თავისუფლების შეზღუდვით ჩანაცვლდეს
17/11/2023 13:30:48 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრაგაძის განცხადებით, უკვე დაწყებულია წინასწარი სამუშაოები, რომ "აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა თავისუფლების შეზღუდვით ჩანაცვლდეს"
ბრეგაძემ დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ეს საკანონმდებლო ცვლილება ციხეებში პატიმრების რაოდენობის შემცირების ერთ–ერთ გზად დაასახელა.
„სასურველი იქნება, არ იყოს ამდენი პატიმარი. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა. თუმცა სასურველია, მეტად შემცირდეს. საინტერესოა, როგორ. თუ საუბარია ამნისტიაზე, ეს პარლამენტის კომპეტენციაა და შეგიძლიათ, ეს დაინიციროთ. იმასაც გეტყვით, რომ ინიცირებულია კანონპროექტი აღკვეთის ახალი ღონისძიების შესახებ. ბატონ მიხეილ სარჯველაძეს აქვს ინიცირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად მხარს ვუჭერთ საქართველოს პარლამენტს ამ ინიციატივაში. წინასწარი სამუშაოებიც დაწყებული გვაქვს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჩანაცვლდეს თავისუფლების შეზღუდვით, როცა ადამიანს შესაძლებლობა ექნება, იყოს სახლში პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად”, –განაცხადა ბრეგაძემ.
„ქართულმა ოცნებამ” 27 სექტემბერს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გადაადგილების შეზღუდვით შეიცვლება.
შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსებში იგეგმება. კანონპროექტის ავტორი მიხეილ სარჯველაძეა.