
"მანდატურის და უსაფრთხოების სამსახურები კერძო სკოლებშიც უნდა გადამზადდნენ"
19/12/2019 07:50:56 სხვა, საზოგადოება
განათლების მინისტრის გაცხადებით, მანდატურების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება, ასევე, ფსიქოსოციალური სამსახურის გაძლიერება კერძო სკოლებშიც უნდა მოხდეს.
"ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ სამინისტრომ დაიწყო და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება - სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება, ფსიქოსოციალური მომსახურების გაძლიერება. ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. პრემიერ–მინისტრმა დაგვავალა კონკრეტული ღონისძიებები და ჩვენ ერთ კვირაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ცნობისთვის: "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.
გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021