პუტინის მეგობრის საკუთრებაში არსებული კომპანია „ლუკოილის“ საზღვარგარეთ არსებულ აქტივებს შეიძენს
30/10/2025 12:05:49 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს კომპანია Gunvor-ი შეიძენს. გარიგების ძირითადი პირობები მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია, – ამის შესახებ „ლუკოილის“ განცხადებაშია ნათქვამი.
Gunvor-ს გადაეცემა კომპანია LUKOIL International-ი, რომელიც „ლუკოილის“ საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს ფლობს. გარიგების ფინანსური დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
„LUKOIL International-ის გაყიდვა დაკავშირებულია შეზღუდვებთან, რომლებიც რიგმა ქვეყნებმა დააწესეს საჯარო აქციონერული საზოგადოების „ლუკოილისა“ და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
კომპანია Gunvor-ი 2000 წელს დააარსეს ტორბიო ტორნკვისტმა და გენადი ტიმჩენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა. Gunvor-ი მრავალი წლის განმავლობაში იყო რუსეთის ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი უცხოეთში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი მიიჩნევდა, რომ პუტინი უშუალოდ იყო დაკავშირებული ტიმჩენკოს საქმიანობასთან ენერგეტიკულ სფეროში, ფლობდა ინვესტიციებს Gunvor-ში და, შესაძლოა, კომპანიის აქტივებზეც ჰქონდა წვდომა. 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ტიმჩენკომ თავისი წილი გაყიდა ტორნკვისტზე, რათა კომპანია სანქციების ქვეშ არ მოხვედრილიყო. გარიგების თანხა არ გამჟღავნებულა. ცნობისთვის 22 ოქტომბერს აშშ-მა სანქციები დააწესა „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ. შეზღუდვები შეეხო როგორც თავად კომპანიებს, ისე მათ 34 შვილობილ სტრუქტურას. თუ ამ იურიდიულ პირებთან თანამშრომლები ერთ თვეში არ შეწყვეტენ საქმიანობას, მათ ამერიკული მეორადი სანქციები დაემუქრებათ.
„ლუკოილმა“ სანქციების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მდებარე აქტივებს გაყიდის.


