"ქვევრს საქართველოში აღარ შევიძენთ!": რა ხდება ბაზარზე

17-11-2023 18:31:52 საზოგადოება ,ეკონომიკა

ქვევრის ღვინის მწარმოებლებისთვის ქართული ქვევრის ხარისხი ბოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. მეღვინეების ნაწილს ურჩევნია, ქვევრი საზღვარგარეთ იყიდოს, რადგან გაზრდილი მოთხოვნა საქართველოში წარმოებული ქვევრის ხარისხზე უარყოფითად აისახა.

გადაცემა "რედაქტ2"-თან ინტერვიუში „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ განიხილავენ, ქვევრი არა საქართველოში, არამედ ესპანეთში ან სლოვაკეთში შეიძინონ.

„მაგალითად, შარშან შეკვეთილი მქონდა ქვევრები და უკან დავუბრუნე ხელოსანს, რომელმაც 10 წლის წინ დამიმზადა ქვევრები. 10 წლის წინ არ იყო ამდენი მოთხოვნა და ყურადღებით აკეთებდნენ. დღეს, როცა გაჩნდა დიდი მოთხოვნილება, ძალიან ჩქარობენ. შეკვეთების აღება არ ეზარებათ, ამ საქმეს კი ძალიან დიდი კონცენტრირება და ყურადღება სჭირდება.

ჩვენ უკვე განვიხილავთ ესპანეთში ან სლოვაკეთში ქვევრების შეძენის საკითხს. საქართველოში სამწუხაროდ, აღარ ვიყიდი. გამოსანთლული ქვევრი, ქვევრი არ არის და თუ არ გამოსანთლე ქართული ქვევრი, ის ვერ გაუძლებს 2 წელსაც. ესეც საბაზისო და ფუნდამენტური პრობლემაა, რომლის გადაჭრის გარეშეც დარგი ვერ განვითარდება“,-განაცხადა შალვა ქურდაძემ.

ქვევრის ხარისხის პრობლემაზე ისაუბრა იაგოს მეღვინეობის დამფუძნებელმაც. იაგო ბიტარიშვილის განცხადებით, პრობლემაა ქვევრის დამზადების ტექნოლოგია, რადგან ახლად დამზადებული ქვევრების გარკვეული ნაწილი არასათანადოდაა გამომწვარი, რაც ქვევრის ღვინის მწარმოებლებს აზარალებს:

„სადღეისოდ ბაზარზე ხარისხიან ქვევრს ვერ იყიდი. პირდაპირ ვამბობ, ბოლო 5-7 წელია ქვევრის ყიდვა მინდა და ვერ ვყიდულობ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ სიტუაციაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მექვევრეები არიან; მათ 8 000 წლის განმავლობაში ეს ხელობა შემოგვინახეს და ახლა სხვა სიმაღლეზე, ხარისხზე უნდა გადავიდეთ. ეს უნდა გახდეს ბიზნესი. ეს ხელობა არ უნდა დაიკარგოს“,-განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები