Mash: "ვაგნერელებმა" დაღესტანში ბიზნესმენი გაიტაცეს

20-11-2023 13:30:49 კავკასია

კრემლთან დაკავშირებული სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ორი დაქირავებული დაღესტანში დააკავეს.

ტელეგრამ–არხს Mash–ის ცნობით, ბაშირ ა. და მაგომედ პ. ეჭვმიტანილები არიან ადგილობრივი ბიზნესმენის გატაცებაში და გამოსასყიდის მოთხოვნაში. ის 20 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ ტყვეობაში.

თავდამსხმელების მსხვერპლი იყო კომპანია Gold Project-ის კომერციული დირექტორი აბდულბასირ ბ. ის სოფელ ზუბუთლი-მიათლის მახლობლად გადაიყვანეს და გაათავისუფლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გატაცებული ბიზნესმენის ნაცნობმა 31,5 მილიონი რუბლი მიიტანა.

არხის ცნობით, 40 წლის ბაშირ ა. ადრე ნასამართლევი იყო მკვლელობისა და იარაღით ვაჭრობისთვის. 36 წლის მაგომედ პ. ადრე მუშაობდა კიზილიურტის პოლიციის განყოფილებაში, ასევე ნასამართლევი იყო იარაღის ვაჭრობაში, მძევლების აყვანასა და ძარცვაში.

SPARK-ის ცნობით, შპს Gold Project რეგისტრირებულია ხასავიურტში და სპეციალიზირებულია მშენებლობაზე.

"ვაგნერი", რომლის დაქირავებულებსაც არაერთ სამხედრო დანაშაულში სდებენ ბრალს, ვლადიმირ პუტინის მზარეულად წოდებულმა ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა დააფუძნა. კრემლი ამ სამხედრო კომპანიის არსებობას და მასთან კავშირს არ აღიარებდა, თუმცა არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სწორედ რუსეთს წარმოადგენდა "ვაგნერი", მათ შორის, სირიასა თუ აფრიკულ ქვეყნებში, აქტიურობდნენ უკრაინაშიც. მას შემდეგ, რაც პრიგოჟინი რუსი გენერლების კრიტიკას შეუდგა, პუტინმა აღიარა, რომ "ვაგნერი" რუსეთის ბიუჯეტიდან იღებდა რესურსებს. ავიაკატასტროფაში პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ, ამ კომპანიის დაქირავებულების ნაწილმა კონტაქტების გაფორმება რუსეთის თავდაცვასთან დაიწყო და ოფიციალურად მის ნაწილად იქცა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები