Accentnews.ge
ოპოზიცია: "ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იქნება"

ოპოზიცია: "ხვალინდელი დღე გადამწყვეტი იქნება"

19/12/2019 13:21:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების რიგით მეოთხე შეხვედრა 20 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხვალინდელი შეხვედრა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. 

ოპოზიციის წევრებმა კვირას, 14:00 საათზე აქცია დააანონსეს, მანამდე კი ყველა ის ღონისძიება გაუქმდა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ - მათ შორის, პარლამენტის პიკეტი, რომელიც დღეს უნდა განხორციელებულიყო. ღონისძიებების გადადების მიზეზი 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს უკავშირდება.

"ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე:

"ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან, მე კოლეგებსაც ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, სრულიად სხვა მასშტაბის და სრულიად სხვა კომპონენტებისგან შემდგარი. უნდა დავამთავროთ „ქართული ოცნება", რადგან საქართველოს დღეს სჭირს უბედურება, ყოველდღიურად, რაღაც კატასტროფა გვჭირს უკვე და ამ უბედურების წარმომავლობა ერთადერთი არის „ქართული ოცნება".

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერიდავით ბაქრაძე:

"აქციის პარალელურად ვრჩებით მოლაპარაკებების რეჟიმში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ კონსტრუქციულად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიფიქროთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიზისის დასრულებას უზრუნველყოფს, ისე რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. [...]ოპოზიცია ერთიანია საკუთარ მიდგომებსა და პოზიციებში, ვხედავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლება იხევს უკან. პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მიმართულებით მიდის, რაც საპროტესტო აქციების და საგარეო ზეწოლის დამსახურებაა".

ცნობისთვის: ცნობისთვის: ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მეორე შეხვედრაზე, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ თანახმა იყო  განეხილა მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა.  მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, „გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. მესამე შეხვედრაზე მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან მმართველი გუნდის აზრით, ეს მოდელი საქართველოსთვის მისაღები ვერ იქნება.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი.

ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S