აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტი ქუთაისელი კრიმინალების, მათ შორის "კანონიერი ქურდის" დაკავების თაობაზე იუწყება

21-11-2023 12:23:29 სამართალი

აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტი ქუთაისელი კრიმინალების, მათ შორის "კანონიერი ქურდის" დაკავების თაობაზე იუწყება. კერძოდ, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის ცნობით დაკავებულები არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე ("ნათან იუსუპოვი") და მისი თანამზრახველები — კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე („თავა“), დავით ტიკარაძე ("დათო").

იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ყველა მათგანი ქუთაისელია და მათ ფულის გამოძალვას ედავებიან.

როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე და მისი თანამოაზრეები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში.

"მსხვერპლის იძულება, გადაიხადოს ფული დაშინებისა და ძალადობის მუქარით უკანონოა და შეუსაბამოა ჩვენს ქალაქში საქმიანობის წარმართვასთან. ეს უკანონო ქმედება არის ზუსტად ის, რასაც ბრალდებულები, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში აკეთებდნენ. FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო) უმოქმედოდ არ იქნება მაშინ, როცა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები ძალადობასა და გამოძალვაში არიან ჩართულები. პირიქით, ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის წესით", – განაცხადა FBI-ს დირექტორის მოადგილემ ჯეიმს სმიტმა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ მაქსიმუმ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები