შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის თანახმად, რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, არის ქსენოფობია

21-11-2023 14:01:43 პოლიტიკა

პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ქსენოფობიური განცხადება გააკეთა, რასაც ყველა უნდა გაემიჯნოს.

„რუსეთს აქვს ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული, ეს ოკუპაცია არის დასასრულებელი და ამ ოკუპაციის დასრულება მნიშვნელოვანია დამატებითი მსხვერპლის გარეშე რაც მთავარია და არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოუდგენია, რომ ცეცხლით და მახვილით უნდა იყოს საქართველოში ბრძოლა. რაც შეეხება რუსებს და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში - ამასწინათ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებული ქსენოფობიური განცხადება, რუსული ენის გაგონება რომ პრობლემაა ქართველი ხალხისთვის, ეს არის აბსოლუტური ქსენოფობია, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს. ყველაფერთან ერთად, ჩვენ, საქართველოში 10 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომლისთვისაც რუსული ენა მშობლიური ენაა. საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე არის ქსენოფობია, რაც არის დასაძრახი. არ მიკვირს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან, მას სადაც კონსტიტუცია დაარღვია," - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ შემაშფოთებელია, როდესაც „საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან”.

ზურაბიშვილმა კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან – „სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები