21-11-2023 15:00:03 კავკასია
აზერბაიჯანში 21 ნოემბერს, დილით Abzas Media-ს მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფქიზი დააკავეს. ერთი დღით ადრე ამ გამოცემის დირექტორი ულვი ჰასანლი დააპატიმრეს.
Abzas Media ითვლება ერთ–ერთად იმ მცირერიცხოვან დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში და აწარმოებს გამოძიებას კორუფციის წინააღმდეგ.
Abzas Media-ს მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფქიზი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ბაქოს აეროპორტში დააკავეს, გადაიყვანეს ქალაქის პოლიციის სამმართველოში და მისი სახლი გაჩხრიკეს. აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თავად ვაგიფქიზი აცხადებს, რომ დევნა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
ერთი დღით ადრე ბაქოში Abzas Media-ს დირექტორი ულვი ჰასანლი დააკავეს: დილით ადრე აპირებდა აეროპორტში წასვლას, მაგრამ პოლიციამ გააჩერა სახლიდან გასვლისას.
როგორც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) ადვოკატ ზიბეიდა სადიგოვაზე დაყრდნობით იტყობინება, ჰასანლი ეჭვმიტანილია ქვეყანაში ფულადი სახსრების უკანონო შემოტანაში. იმავე დღეს, უსაფრთხოების ძალებმა დაკავებულების ბინა და მედიაორგანიზაციის ოფისი გაჩხრიკეს. ხელისუფლების ინფორმაციით, ოფისში ნაპოვნია 40 ათასი ევრო.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ჯგუფის მიერ უცხოური ვალუტის კონტრაბანდის მუხლით. ამ ბრალდებით მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოფისში "ნაპოვნი" ფული მას არასოდეს უნახავს.
ივლისში მსგავს ვითარებაში დააკავეს აზერბაიჯანელი ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე გუბად იბადოღლუ, რომელიც წერდა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის შესახებ. "დემოკრატიისა და კეთილდღეობის" პარტიის ოფისის ჩხრეკისას, რომელსაც იბადოღლუ ხელმძღვანელობს, პოლიციამ 40 ათასი დოლარი "იპოვა". მეცნიერს ბრალად დასდეს ყალბი ფულის გამომუშავება.