ეუთო-ში აშშ-ის ელჩი – თამაზ გინტურზე: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რაც რუსეთისთვის ახალი არ არის

21-11-2023 19:28:14 პოლიტიკა

ეუთო-ში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი რუსი ოკიპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტური მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საერთაშორისო ნორმების დარღვევა რუსეთისთვის ახალი არ არის".

"უპირველეს ყოვლისა, ვგმობთ ამ მკვლელობას. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის", - განაცხადა კარპენტერმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები