ფოტიგა: "აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ, ადამიანები ვერ ახერხებენ სასაფლაოებზე გასვლას, ვერ მიდიან ეკლესიებში"

21-11-2023 19:42:48 პოლიტიკა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა რუსი ოკიპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტური მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.

"მომხდარის შემდეგ მივმართე ევროპარლამენტს, რომ როგორც გადაუდებელი და სასწრაფო საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში, მართლაც აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ და თანაც იმ დროს, როდესაც ევროკავშირი განიხილავდა კანდიდატის სტატუსის თემას", – განაცხადა მან "მთავარ არხთან" საუბრისას.

ტელეარხის ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს შეგნებული პროვოკაცია, ფოტიგამ შემდეგი განაცხადა:

"ზუსტი მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ეს იყო ძალიან სახიფათო ქმედება. დიახ, შეიძლება, ეს პროვოკაცია ყოფილიყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შესაძლოა, ისინი ცდილობდნენ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირში ინტეგრაცია სურს და ეს ქმედებები მათ აზრს ვერ შეცვლევნებს, მაგრამ ძალიან რთულია როდესაც ყოველდღიურობაში ასეთი საშიში მოვლენები ხდება. ადამიანები საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ტერიტორიაზე ვერ ახერხებენ სასაფლაობზე გასვლას, ვერ მიდიან ეკლესიებში სალოცავად, ესა პრობლემა და სწორედ ამიტომ ევროპარლამენტარების უმრავლესობა ერთხმად დათანხმდა ამ რეზოლუციის დღის წესრიგში შეტანას".

ანა ფოტიგა არის თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ევროპარლამენტმა ხვალ უნდა განიხილოს.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები