Accentnews.ge
სახელმწიფო ინსპექტორი:"გამომძიებელმა უთხრა ლუკას, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა"

სახელმწიფო ინსპექტორი:"გამომძიებელმა უთხრა ლუკას, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა"

19/12/2019 16:38:35 სხვა, სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ადასტურებს რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში "ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა". ამის შესახებ ინსპექტორმა დღეს, 19 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა:

„ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა  არასრულწლოვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ დანაშაულის არაღარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნებიც. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, არასრულწლოვნებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლიციის დაწესებულებაში, განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ლონდა თოლორაიას ცნობით, არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა 6,5 საათი და მოზარდი პოლიციაში ღამის 12 საათამდე იყო. მისი თქმით, პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები და მოზარდის გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში.


ცნობისთვის: მას შემდეგ რაც 15 წლის ლუკა სირაძე დაიღუპა, ქვეყანის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობას გმობენ. 

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.  

„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.  

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S