Accentnews.ge
"არასრულწლოვნებმა პოლიციის დაწესებულებაში განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი"

"არასრულწლოვნებმა პოლიციის დაწესებულებაში განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი"

19/12/2019 16:57:14 სხვა, სამართალი

გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, რის გამოც არასრულწლოვნებმა პოლიციის დაწესებულებაში განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლონდა თოლორაიას თქმით, პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერებიც.

„ჩატარებული გამოძიებით და ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები. 10 დეკემბერს დილით, „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული შესაბამისი წარწერები. აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.

ასევე, ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, ასევე ბავშვებისთვის ამ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა მასზე აღბეჭდილი პირის იდენტიფიცირების მიზნით. პარალელურ რეჟიმში გამოძახებულ იქნა პოლიცია, ვინაიდან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა პოლიციის საჭიროებას.

პოლიციის მისვლამდე და შემდგომ ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს სკოლის ადმინისტრაციას. პოლიციის მისვლის შემდეგ ადმინისტრაციამ გადასცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწრები“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდა არასრულწლოვნის დაბარება პოლიციის განყოფილებაში.

„აღნიშნულის შემდგომ, პოლიციაში შედის ოფიციალურად შეტყობინება, რომლის საფუძველზეც იწყება გამძოება დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში. პირველ განყოფილებაში ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით იწყება, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ეწერება მ.ჩ.-ს.

გამომძიებელმა ამავე დღეს დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები,  მათ შორის დაიწყო პოლიციის განყოფილებაში მოწმეთა დაბარება. რომელთა შორის იყო 15 წლის ლ.ს. პოლიციის მხრიდან არასრულწლოვნის გამოძახება მშობლის მეშვეობით მოხდა და მშობელთან ერთად ლ.ს.  პოლიციის განყოფლებაში 17:00 საათზე გამოცხადდა“, – განაცხადა თოლორაიამ.

როგორც თოლორიამ განაცხადა, არასრულწლოვნის გამოკითხვა მოხდა პოლიციის განყოფილების ერთიან სივრცეში, რადგან არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები.

„არასრულწლოვანთან გასაუბრება პოლიციის დაწესებულებაში მიმდინარეობდა დაახლოებით 6-საათნახევარი. არასრულწლოვანი პოლიციის დაწესებულებაში იმყოფებოდა ღამის 23, 30საათამდე. მასთან გასაუბრება გრძელდებოდა ხანგრძლივი ვადით, მათ შორის ღამის საათებში.

ვინაიდან, პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ამიტომ არასრულწლოვანის გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში, ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები“, – განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გამომძიებელო ინსპექტორის სამსახურში  გამოკითხვაზე 17 დეკემბრის 15:00 საათზე დაიბარეს.

„ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა  არასრულწლოვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ დანაშაულის არაღარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყვნენ, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნებიც. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, არასრულწლოვნებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლიციის დაწესებულებაში, განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი.

შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2019 წლის 17 დეკემბერს 15:00 საათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოკითხვაზე გამოძახებული იქნა გამომძიებელი მ.ჩ. რომლის დაკითხვის შემდგომ მიღებულ იქნა მისი დაკავების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.


ცნობისთვის: მას შემდეგ რაც 15 წლის ლუკა სირაძე დაიღუპა, ქვეყანის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობას გმობენ. 

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.  

„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.  

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S