ისრაელი: სულ მცირე, 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება

22-11-2023 09:50:13 მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 6-საათიანი მწვავე განხილვის შემდეგ დაუჭირა მხარი ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ დღეს, 22 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი.

გეგმის პირველი ეტაპის თანახმად, სულ მცირე, 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზას სექტორში 200-ზე მეტი მძევალია.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ისრაელის მთავრობა, არმია და უსაფრთხოების სამსახური განაგრძობენ ბრძოლას, რათა სახლში დააბრუნონ ყველა მძევალი, დაასრულონ „ჰამასის“ ლიკვიდაცია და უზრუნველყონ, რომ ისრაელის სახელმწიფოს ღაზადან ახალი საფრთხე არ შეექმნას.

თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების კიდევ ერთ პირობად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან 150 პალესტინელის - ქალების და არასრულწლოვნების გათავისუფლება. ასევე, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის და საწვავის შეტანა. ისრაელი ამ პუნქტების შესახებ ოფიციალურად არაფერს იუწყება.

ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებაში მთავარი შუამავლის მისიას კატარი ასრულებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები