Accentnews.ge
მმართველი გუნდის ინიციატივა: "პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს"

მმართველი გუნდის ინიციატივა: "პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს"

20/12/2019 08:30:19 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ამაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.

„პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში.

ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-ს, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საუბარია ცვლილებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

“შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროპორციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს რეფერენდუმზე გარკვეულწილად გამოხატული აქვს საკუთარი ნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების სახით აისახა კიდეც კანონმდებლობაში 2005 წლის 23 თებერვალს და განისაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 – პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა ამის ლეგიტიმაცია არ მისცა წინა ხელისუფლებას, სამწუხაროდ, 2008 წლის 12 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ შეცვალა ეს თანაფარდობა და მათ გაზარდეს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, პროპორციულის ხარჯზე. მაშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ახლა ოპოზიციას და საზოგადოებას ვთავაზობთ“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S