
ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას არ ეთანხმება - მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
20/12/2019 09:06:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათთვის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი მიუღებელია.
“მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი თუ არა ჩვენი მედიატორების თვალში წარმოჩენა, რომ კომპრომისისთვის მზად არიან. მოიტანეს წინადადება, რომლითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი დეპუტატი და 100 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატით. თუმცა არა მხოლოდ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ სხვა მომდევნო არჩევნებიც, უსასრულობამდე. ამისთანა არასერიოზულობა არ მინახავს,”-აცხადებს ვაშაძე.
საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ დღეს, 20 დეკემბერს, ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ საარჩევნო მოდელზე, რომლითაც მანდატების გადანაწილებაში ცვლილება შედის.
მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ამაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-ს, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. საუბარია ცვლილებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. “შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროპორციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს რეფერენდუმზე გარკვეულწილად გამოხატული აქვს საკუთარი ნება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების სახით აისახა კიდეც კანონმდებლობაში 2005 წლის 23 თებერვალს და განისაზღვრა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგან 100 – პროპორციული, 50 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა ამის ლეგიტიმაცია არ მისცა წინა ხელისუფლებას, სამწუხაროდ, 2008 წლის 12 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გარეშე და საწინააღმდეგოდ შეცვალა ეს თანაფარდობა და მათ გაზარდეს მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა, პროპორციულის ხარჯზე. მაშინ მიღებული იყო გადაწყვეტილება საწინააღმდეგო იმისა, რასაც ჩვენ ახლა ოპოზიციას და საზოგადოებას ვთავაზობთ“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.