ადვოკატი:"ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა"

20-12-2019 15:12:00 საზოგადოება ,სხვა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე“, - წერს ასათიანი „ფეისბუქში“.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ 13 დეკემბერს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს. იგი დღემდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში რჩება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები.

საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.


ახალი ამბები

სხვა სიახლეები