ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა

20-12-2019 17:20:42 სხვა ,თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100 დღის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება  ახალ,  ჯარისკაცზე  ორიენტირებულ  სოციალურ  პოლიტიკაზე გაამახვილა. თავდაცვის უწყების მთავარ ვალდებულებად და პრიორიტეტად  კი, ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა დაასახელა. 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა  და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე  200-დან 800  ლარამდე დანამატები  დაუწესდებათ. „ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას და ფინანსურ მხარდაჭერას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო  მოსამსახურეებზე ზრუნვის პროცესში,  მინისტრმა  ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და წეროვანის  ახალი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ისაუბრა,  რომელიც ამერიკული  მხარის ფინანსური კონტრიბუციით აშენდა.

„კომპლექსი რეგიონში უნიკალური იქნება და თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. ცენტრი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დაეხმარება, როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ   რეაბილიტაციაში, ისე სპორტულ მომზადებაში შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ამ ძალისხმევისთვის და გაწეული დახმარებისთვის. როგორც იცით, სამინისტრო  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად, წეროვანში, იანვარში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობას დაასრულებს“, - აღნიშნა  მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის ქართულმა მხარემ დაახლოებით მილიონი ლარი, ხოლო ამერიკულმა მხარემ 5 მილიონ დოლარამდე  გაიღო.