
უძრავი ქონების გასხვისების დილემა: აფხაზეთი კვლავ ყალყზე დგას
20/12/2019 18:25:23 კონფლიქტები
“აფხაზეთში უცხოეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონის მიყიდვის” ძველმა თემამ, რომელსაც რუსეთი პერიოდულად პედალირებს, საქართველოს ეს ოკუპირებული რეგიონი კვლავ ყალყზე დააყენა. საკითხი ამჯერად 17 დეკემბერს სოხუმში, “ეროვნულ ბიბლიოთეკაში” გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას წამოიჭრა, რომელშიც მოსკოველი სტუმრები – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ასლან ბარციცის მიერ მოსკოველთა იმ ფაქტობრივი მოთხოვნის მხარდაჭერას, რომ “სოხუმში რომელიმე ერთი რაიონი საპილოტე პროექტის განსახორციელებლად გამოიყოს”, ოკუპირებულ რეგიონში დიდი მღელვარება მოჰყვა.
თავად მრგვალი მაგიდა “აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს” მხარდაჭერით, “აფხაზეთის რესპუბლიკის რუსული და კაზაკთა ორგანიზაციების კავშირის” მიერ იყო ორგანიზებული. განხილვის თემას ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და გაღრმავების პერსპექტივები წარმოადგენდა. სწორედ ამ კონტექსტში შესთავაზა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე სტაროვოიტოვმა აფხაზებს, “იფიქრონ უძრავი ქონების გაყიდვის თემაზე და დაიწყონ ამ პროცესის დაწყების განხილვა”: “მოდით, დაფიქრდით სოხუმში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რადგან ინვესტორებს უფრო მეტად სწორედ დედაქალაქი დააინტერესებთო”.
ასლან ბარციცმა იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა “ყოველი შემთხვევისთვის” დასძინა - “წინასწარ ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეთანხმებითო”:
«რა უნდა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც აფხაზეთში ჩამოდის? - მან წლები იშრომა ჩრდილოეთში და ახლა სურს, დაგროვებული ფულით დარჩენილი წლები აქ გაატაროს – აფხაზეთში? მას სურს, კანონიერად ფლობდეს უძრავ ქონებას, იხადოს გადასახადები და ა.შ., ხოლო შემდეგ დაუტოვოს შთამომავლობას ან გაყიდოს?… აქ ბევრია სამუშაო და მოდით, დავიწყოთ მუშაობა, გადავდგათ რაღაც რეალური ნაბიჯები. მე მზად ვარ, მხარი დაგიჭიროთო».
ცეცხლს ნავთი დაასხა იმ გარემოებამაც, რომ ეს დისკუსია ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ვიტალი მუტკოს ვიზიტს დაემთხვა.
რუსეთის მხრიდან თემის მორიგ აქტუალიზებას სოცქსელების აფხაზურ ჯგუფებში ტრადიციულად დიდი მღელვარება მოჰყვა: უძრავი ქონების უცხოელებისთვის (და აქ უმთავრესად სწორედ რუსეთის მოქალაქეები იგულისხმებიან) მიყიდვის დაშვება “სამშობლოს გაყიდვასთან” არის გაიგივებული. ხალხი შიშობს, რომ “რუს ინვესტორებს მოყვებიან რუსი ჩინოსნები და ისე დაიწყებენ ყველაფრის განკარგვას, როგორც საკუთარ სახლში”. ბარციცს სთავაზობენ, “[უძრავი ქონების უცხოელებზე] გაყიდვის დაშვების ნაცვლად აფხაზეთში მუჰაჯირები დააბრუნოს და სახლებით უზრუნველყოს, საპილოტე პროექტის ნაცვლად კი ჩაუშვას ეკონომიკის განვითარების, საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნის პროექტი, რათა უძრავი ქონების შესყიდვის შესაძლებლობა თავად აფხაზებს გაუჩნდეთ”.
“აქცენტი” სოცქსელების აფხაზი მომხმარებლების რამდენიმე ტიპური კომენტარის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
- “აფხაზეთს პალესტინას დაამსგავსებენ და დატოვებენ “სექტორ-გუდაუთას...»;
- “თემას რუსები ლობირებენ, ჩვენები კი ჯერ-ჯერობით უწევენ წინააღმდეგობას»;
«... რა თქმა უნდა, პოლიტიკა “არც ჩვენ, არც სხვას” მიზანშეწონილი არაა, მაგრამ უნდა მივმართოთ მსოფლიო პრაქტიკას – გაიცემოდეს ბინადრობის მოწმობები, დროებითი საშვები, მოქმედებდეს იჯარა და ა.შ.. გსურს, იცხოვრო აფხაზეთში? - კი ბატონო, აგერაა ბინადრობის მოწმობა, იხადე გადასახადები, იარე ზღვაზე.... მოქალაქეობა მოგინდება? - იცხოვრე ერთი 10 წელი, მოიფიქრე, ისწავლე ენა, ისტორია, კონსტიტუცია – და კი ბატონო!»;
- «აფხაზეთი რა, რუსი პენსიონერების თავშესაფრად უნდა იქცეს?... მათაც რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ერთ რომელილმე რუს ოლიგარქს სადღეისოდ თავისუფლად შეუძლია, აფხაზეთის უდიდესი ნაწილი იყიდოს და ეს ჩვენი სამშობლოს დასასრულის დასაწყისად იქცევა, აფხაზები კი – რუსი ბიზნესმენებისა და მათი ოჯახების მოსამსახურეებად”;
ზოგიერთი მომხმარებლები გამოვიდნენ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის ინიციატივით, თუმცა შეეჩეხნენ მათ წინააღმდეგობას, ვისაც ეშინია, ასეთ შემთხვევაში შედეგები არ გაყალბდეს და ისე არ წარმოჩინდეს, თითქოს უმრავლესობამ უძრავი ქონების გასხვისების იდეას დაუჭირა მხარი.
გაჩნდა ასევე ქსელური გამოკითხვა: “ვინ არის მზად, ბარციცის გადადგომის მოთხოვნით აქციებზე გავიდეს?”. თუმცა იდეას ბევრი მხარდამჭერი ჯერ არ უჩანს. სამაგიეროდ ფართო მხარდაჭერით სარგებლობს აფხაზი ე.წ. დეპუტატებისადმი მოწოდებები, ბარციცის გამონათქვამები “კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე” შეამოწმონ.
კიდევ ერთი იდეა ასე ჟღერს: “აუცილებელია, პარლამენტთან გაიმართოს ნამდვილი სახალხო დარბაზი და შემუშავდეს მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი თხოვნით, შეაჩეროს ეს პროცესები, შეაწყვეტინოს რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ეს ზეწოლა და საკითხის მინიმუმ, 10 წლით გადავადება უზრუნველყოს»;
ყველაზე აგრესიულები კი “არმაგედონის მოწყობას” აპირებენ:
- “თუ საკითხს გაიტანენ, არმაგედონს მოვუწყობთ! ხალხო, გავერთიანდეთ, დავივიწყოთ წყენა და პოლიტიკური უთანხმოებები! არ დავუშვათ ეს ამბავი!”.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება