გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული
08/11/2025 19:01:00 პოლიტიკა
გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ საქართველოს დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე გერმანიამ თავისი ელჩი, პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს ქვეყნიდან გაიწვია.
7 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან ბერლინის მოლოდინია, რომ “ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.” სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა “ძალიან ცხადი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის.”
სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც საქართველოში 6 ნოემბერს დაბრუნდა, “თავის ერთგულ მუშაობას გააგრძელებს.” მისი თქმით, ასევე საუბრები გაიმართა საქართველოს მთავრობასთან.
“ახლა საქართველოს მთავრობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. ჩვენს შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ,” - განაცხადა სპიკერმა.
“ქართული ოცნება” იმედოვნებდა, რომ პეტერ ფიშერს გერმანია საქართველოში აღარ დააბრუნებდა მას შემდეგ, რაც ის, ოქტომბერში, კონსულტაციებისთვის გამოიძახეს.
“30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს [ელჩის გაწვევა - რ.თ.] არის გადატვირთვის სიგნალი“, - განაცხადა 20 ოქტომბერს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ ელჩმა ფიშერმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არა „ხიდის“, არამედ „კედლის“ როლი აირჩია და ამიტომ - „როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ”.
ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.
პეტერ ფიშერი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს.
2 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. „გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - დაწერა მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პლატფორმა X-ზე.
- 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.
- გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ; თუმცა გაგრძელდა პროექტები, რომლითაც, როგორც ბერლინი აცხადებს - საქართველოს ხალხს ეხმარება.
- გერმანიამ აღარ განაახლა მთელი რიგი პროგრამები.


