
სტუდენტების ნაწილმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მიმართა
27/11/2023 09:09:22 სამართალი, საზოგადოება
სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ. ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ოფიციალურად სთხოვენ.
სტუდენტები აღნიშნავენ, რომ "მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის აქტივისტი პოლიტიკური ტყვეა და მისი ციხეში დარჩენა ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად დააზიანებს".
"გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობის სახელით, რომელიც უკვე ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სტუდენტს აერთიანებს, მათი სახელით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება, გამოსცეს შეწყალების აქტი ლაზარესთან მიმართებაში, რომელიც 7-8 მარტის აქციების მონაწილეა. ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი. ფაქტობრივად, არანაირი ხელშესახები მტკიცებულება არ აქვს სახელმწიფოს იმისა, რომ ლაზარემ ჩაიდინა ეს დანაშაული... შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს საქმე არის მთლიანად პოლიტიკური, პირველივე დღიდან", - ამბობს ნიკო მანაგაძე.
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. განაჩენი 17 ნომებრს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა სასამართლომ ნოემბერში ჩანიშნული პროცესები დეკემბერში გადადო.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.