27-11-2023 20:16:40 სამართალი
ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
პროკურატურა მსახიობისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. საქმის პროკურორის გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებულ თამარ მეგრელიშვილს ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, განზრახი დანაშაულებისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და ზოგადად, მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ამრიგად, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სააფრთხეებზე მიუთითებდა საკუთარი არგუმენტაციის ჩამოყალიბებისას, რასაც ადვოკატი დავით სანაძე არ დაეთანხმა.
ის ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა, ხოლო ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის. ამასთან, ადვოკატმა პროკურორის საპასუხოდ თქვა, რომ მსახიობს აჟამად ნასამართლობა არ აქვს, ვინაიდან ის გაქარწყლებულია.
თავად ბრალდებულმა აღნიშნა, რომ საკუთარ ადვოკატს ეთანხმება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე გაასაჩივრებს.
საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.