ჰერჩინსკი: ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური – დაუკავშირდეს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, ევროინტეგრაციისთვის ერთიანობა აუცილებელია
28/11/2023 07:47:48 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოდის შეხსენებით, რომ ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და მასში ყველა უნდა იყოს ჩართული.
"ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს – ერთიანობა აბსოლუტურად აუცილებელია",– აღნიშნა ელჩმა.
მან მიუთითა საქართველოს სახელმწიფო გერბზე, რომელსაც აწერია „ძალა ერთობაშია“.
"ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა ევროინტეგრაციის დროს. თუ გადავხედავთ ჩემი ქვეყნის მაგალითს, თუ გადავხედავთ წარსულში ევროკავშირში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების მაგალითს, ეს ყოველთვის ასე იყო. ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა დაუკავშირდეს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმინოს. ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და ერთობლივ ძალისხმევაში წვლილი შეიტანონ. როგორც უკვე ვთქვი და გავიმეორებ, გაერთიანებულ ქართველებს ნამდვილად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკიმ კვლავ გაიმეორა, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია:
„როგორც თქვენ ნახეთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის გაცემის დროს ცხრა ნაბიჯი დაადგინა. იმედია, 14-15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსთან ერთად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები აღნიშნულ ცხრა ნაბიჯს დაადასტურებენ. ძალიან მიხარია, რომ მთავრობას ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ უკვე შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. არის ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია, სხვები ახალია, როგორიცაა დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა, საქართველოს ევროკავშირთან მორგება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, რომ მათ განხორციელებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო“.
მან კომენტარი დეოლიგარქიზაციის შესახებაც გააკეთა და კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პერსონიფიცირებული მიდგომის მიუღებლობა:
„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია დემოკრატიის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ნიშნავს და იმას, რომ მდიდარმა ბიზნესმენებმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზედმეტი გავლენა არ იქონიონ. ასე რომ, ჩვენი გადმოსახედიდან, ევროპული თვალსაზრისით, ეს არ ეხება სახელებს, არამედ, ეს არის სისტემა და გარემო, რომელიც დემოკრატიის განვითარებისთვის არის ხელსაყრელი“.


