
როგორ შევარჩიოთ შიდა კარი სახლისთვის?
28/11/2023 07:59:38 საზოგადოება, რეკლამა
დიდი ხანია, რაც კარის ფუნქცია მხოლოდ ოთახებს შორის ბარიერის შექმნა აღარ არის. კარის დიზაინის საშუალებით შესაძლებელია წარმოდგენა შეგვექმნას სახლის მფლობელის ხასიათზე, გემოვნებასა და ცხოვრების სტილზეც კი. სწორად შერჩეულ კარს ინტერიერის მთლიანად შეცვლა და დიზაინის დაგეგმვის საწყის წერტილად გადაქცევა შეუძლია.
ამ ბლოგში ინტერიერის კარის შერჩევის იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე მოგიყვებით, რომელთა ცოდნაც არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.
დანიშნულება და ფუნქციონირება
პირველი ნაბიჯი შიდა კარის არჩევისას მისი დანიშნულებისა და ფუნქციონირების განსაზღვრაა. სხვადასხვა დანიშნულების ოთახს სხვადასხვანაირი კარი სჭირდება და მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ თავიდანვე იცოდეთ. თავდაპირველად, ყველა იმ სახეობის კარის ფუნქცია განვსაზღვროთ, რომელთაც ნებისმიერ სახლში შეხვდებით:
საძინებლის კარი
იმისათვის, რომ თქვენს საძინებელში თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ, აუცილებელია, რომ კარი ხმის იზოლაციას უზრუნველყოფდეს. შეარჩიეთ შესაფერისი მასალა და შეძენამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს კრიტერიუმი.
აბაზანის კარი
სააბაზანო ოთახისთვის შეარჩიეთ ნესტგამძლე მასალისგან დამზადებული კარი. ყველაზე გავრცელებული მასალა ლამინირებული მერქნბურბუშელას ფილაა, რომელსაც ტენიანობისგან დამცავი სპეციალური დაფარვა უნდა ჰქონდეს. აბაზანის კარისთვის ხშირად მეტალოპლასტმასის კარსაც იყენებენ.
მისაღები ან სასადილო ოთახის კარი
მისაღებისა და სასადილო ოთახის კარებს უფრო დეკორატიული დანიშნულება აქვს, ამიტომ თქვენთვის სასურველი დიზაინით შეგიძლიათ შერჩევა. შუშის ან ე.წ. ფრანგული კარები, შესაძლოა, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყოს.
სამზარეულოს კარი
რაც შეეხება სამზარეულოს, გირჩევთ, რომ ისეთი კარები შეარჩიოთ, რომელიც ადვილად იწმინდება და ცხიმისა და ტენიანობის მიმართ მდგრადია. გამოგადგებათ მსუბუქი მასალები, როგორიცაა ლამინირებული და ე.წ. MDF-ის მასალისგან დამზადებული კარი.
სტილი და ესთეტიკა
მას შემდეგ, რაც კარის ფუნქციებსა და დანიშნულებას განსაზღვრავთ, ესთეტიკურ მხარესა და სტილზეც უნდა იზრუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კარი თქვენი სახლის ინტერიერის დიზაინთან თანხვედრაში იყოს, რათა დეკორთან მიმართებით კონტრასტი არ შეიქმნას. ძირითადად, რამდენიმე სტილის კარს განასხვავებენ:
- პანელური: უხდება სხვადასხვა სახის დიზაინს და ინტერიერს ტრადიციულ, კლასიკურ იერსახეს სძენს. შესანიშნავია როგორც შიდა, ასევე გარე კარისთვის.
- ფრანგული: როგორც წესი, დამზადებულია მინისგან და ბუნებრივი სინათლის მიმოცვლას უზრუნველყოფს, რაც ოთახების დაკავშირების საუკეთესო ხერხია.
- გასასრიალებელი: ძირითადად აივნებზე, ვერანდებზე, კაფე-ბარებსა და რესტორნებში გამოიყენება.
- ფარული კარები: სრიალებს კედელში, ზოგავს ადგილს და უზრუნველყოფს გლუვ და შეუმჩნეველ იერს. იდეალურია მინიმალისტური სტილის მოყვარულთათვის.
- დასაკეცი: ხშირად გამოიყენება სივრცის ეკონომიის თვალსაზრისით, უხმაუროდ მუშაობს და ყველაზე შესაფერისი მცირე ზომის ოთახებისთვისაა.
მასალის შერჩევა
კარის ესთეტიკურ მხარესთან ერთად, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ მასალაც, რადგან კარის გამძლეობას სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს. განვიხილოთ შიდა კარის ყველაზე გავრცელებული მასალები:
- ხე: ხის კარები ყველაზე გამძლედ ითვლება და შესაძლებელია ითქვას, რომ ყველაზე კარგი ინვესტიციაა. შეგიძლიათ, სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის შეიძინოთ და შეუხამოთ თქვენს დიზაინს.
- MDF: ე.წ. MDF-ის კარები დახვეწილი, გლუვი ზედაპირით გამოირჩევა და შეღებვის საშუალებასაც იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
- მინა: მინის კარები ინტერიერს დახვეწილობის ელფერს მატებს და სახლში ბუნებრივი სინათლის შემოდინების საუკეთესო საშუალებაა, რაც ე.წ. ღია სივრცის ეფექტს ქმნის.
- შპონი: ეს არის პრემიუმ კლასის მასალა, რომელიც ბუნებრივი ხის ფაქტურითაა დაფარული. მზის სხივებზე არ ხუნდება და მაღალი ნესტგამძლეობით გამოირჩევა.
ზომა და კონფიგურაცია
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც კარის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ, მისი ზომა და ფორმაა. დარწმუნდით, რომ კარის სიგრძე და სიგანე სივრცის შესაბამისია. როგორც წესი, შიდა კარების სიმაღლე სტანდარტული ზომისაა, თუმცა სიგანე შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ზუსტად გაზომეთ კარის ჩარჩო, რათა შერჩევისას არ შეცდეთ. გარდა ამისა, კარის გაღების მიმართულებაც გაითვალისწინეთ.
ბიუჯეტი
ინტერიერის კარის შერჩევისას თქვენს ბიუჯეტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხის კარები შედარებით ძვირი ღირს, თუმცა MDF უფრო ბიუჯეტური ალტერნატივაა. კარგად შეისწავლეთ ბაზარზე არსებული ფასები, წაიკითხეთ მიმოხილვები და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ. კარგი იქნება თუ ბიუჯეტის შედგენისას კარის მონტაჟის საფასურსაც გაითვალისწინებთ.
კარის აქსესუარები
შიდა კარის შერჩევის ბოლო შტრიხი მისი აქსესუარების შერჩევაა. ეცადეთ, რომ კარის საკეტები, სახელურები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები ისე შეარჩიოთ, რომ კარის სტილსა და ინტერიერის დიზაინს შეეფერებოდეს.
კარის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინტერიერის დიზაინზე, თბოიზოლაციასა და ხმის იზოლაციაზე. გაითვალისწინეთ სტილი, მასალა, ზომა, ბიუჯეტი და აქსესუარები და შემდეგ თქვენს საჭიროებებსა და გემოვნებაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეულ კარს ინტერიერის, ოთახების ფუნქციისა და ატმოსფეროს რადიკალური ცვლილება შეუძლია.
.