
"საფრთხე კვლავ რჩება": ისტორიულმა შტორმმა განსაკუთრებით ფოთი, ანაკლია და განმუხური დააზარალა
28/11/2023 08:20:10 რეგიონები, საზოგადოება
საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უპრეცედენტო შტორმის შედეგებს ებრძვიან. ელიან რომ ზარალი მასშტაბური იქნება, რადგან შტორმმა, რომელმაც რვა ბალს მიაღწია, დააზიანა ან გაანადგურა ინფრასტრუქტურა, ჩახერგა სანიაღვრე სისტემები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებული შტორმისა და ქარიშხლის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-მდე ზარი შევიდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ამბობს, რომ შტორი გრძელდება, შესაბამისად საფრთხე რჩება, თუმცა არ გაძლიერებულა.
რწმუნებული ამბობს, რომ ჯგუფები გავიდნენ ზარალის შესასწავლად, რომელიც ვიზუალური შეფასებით, საკმაოდ დიდია.
„ზარალი ცხადია, არის, განსაკუთრებით, ფოთის სანაპიროზე, ანაკლიაში, განმუხურში, თუმცა დღეს დილიდან ჯგუფები გავიდნენ და შესაბამის აღწერას, ხარჯთაღრიცხვების შედგენას დაიწყებენ",– ამბობს რწმუნებული.
მისივე თქმით, სტიქიის ადგილას მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დარჩენა იმდენად სახიფათო აღარ არის, ვიდრე აქამდე იყო:
"გუშინ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო. იმას, რომ საფრთხე აღარ არის, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვით. საგრძნობი კლებაა, სანაპიროს ბევრად ეტყობა, მაგრამ საფრთხე კიდევ რჩება".
ფოთის მერი ბექა ვაჭარაძემ ამბობს, რომ მცირე ზარალია მოსახლეობაში, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს.
მისი თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს:
„ფოთისთვის მნიშვნელოვანი იყო კუნძულის სანაპიროზე მიმდინარე პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტად ზღვა ამ ტერიტორიას უტევდა და ყველაზე ახლოს დასახლებულ პუნქტთან არის, აქვე, მიმდებარედ არის სასაფლაო და გუშინ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ვახორციელებდით პრევენციულ ღონისძიებებს. რამდენიმე ადგილას ზღვამ ჯებირები გაანგრია და მნიშვნელოვანი იყო დამცავი ბარიერები შეგვექმნა იმისათვის, რომ წყალს არ მიეღწია მოსახლეობამდე, სასაფლაომდე, ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში, სადაც კი ამის საჭიროება იყო, ვახორციელებდით შესაბამის სამუშაოებს. უკვე ზღვა დაწყნარებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზარალი იქნება დათვლილი. მაქსიმალურად მცირე არის ზარალი მოსახლეობაში, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილში მნიშვნელოვანი ზარალი გვაქვს და ამის აღდგენასაც უახლოეს დღეებში განვახორციელებთ“.