28-11-2023 16:38:17 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს უსმენენ.
გიორგი ამილახვარი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და ამის დასტურად განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი მოჰყავს, რომელიც 2023 წელს 2.077.8 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 2,500.0 მლნ ლარს მიაღწევს. მინისტრმა აქვე გაიხსენა 11 წლის წინანდელი პერიოდი – 2012 წელი, რა დროსაც მისი თქმით, განათლების სფეროს დაფინანსებისთვის 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
მისივე თქმით, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
„სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით, უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი. 2023 წლისთვის დასრულდა 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 3 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 პროფესიულ კოლეჯს.
"მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით 2022-2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 36.0 მილიონ ლარზე მეტი“, - თქვა ამილახვარმა.