28-11-2023 21:16:31 პოლიტიკა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ისაუბრა.
ოპოზიცია დაინტერესდა, დისტანციური პროგრამების სტუდენტებს, რატომ არ გადაუვადებენ ჯარში გაწვევას, მაშინ, როდესაც ამას სხვა სტუდენტები შეძლებენ. ოპონენტებს ამილახვარმა უპასუხა, რომ დისტანციურად სწავლა გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ახალი მიმართულება და ამიტომ საჭიროა, ცვლილებების მიღება:
„რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, თუ ჩვენ ვთანხმდებით, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ სტუდენტებს რამდენიმე ვარიანტი და ვერსია შეეთავაზათ მათი სურვილის მიხედვით აირჩიონ და ისე გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, ძალიან დიდი არჩევანია ამ კუთხით... ყოველ შემთხვევაში ეს სწავლის პარალელურად მოიხდება, - თქვა მინისტრმა და განმარტა, - მსოფლიოში ძალიან ბევრი, მათ შორის, წამყვანი ქვეყნების მიერ არის ისეთი დისტანციური პროგრამები, სადაც რეალურად სწავლა არ ხორციელდება. ამის დადგენა-დადასტურება არის ურთულესი საკითხი, მათ შორის, განათლების სამინისტროსთვის. ამიტომ ძალიან მარტივია, დღეს რომ შეხვიდეთ, იპოვით უამრავ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, სადაც ჩარიცხვა შესაძლებელია ძალიან მარტივად, შესაბამისად, თავის არიდება. ამიტომ, ეს ბუნებრივია, ჩასაკეტი იყო, რომ არ გაჩენილიყო თავის არიდების ახალი მიმართულება".
როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, განათლების სამინისტრო საგაზაფხულო სემესტრის დროს წარმოადგენს რეფორმათა ახალ პაკეტს, რომელშიც დაზუსტდება, როგორი და რომელი დისტანციური სწავლება იქნება აღიარებული.
„იქ შეიძლება, ვიმსჯელოთ ამ საკითხის ახლებურად მოწესრიგებაზე, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრორთან ერთად", - დაამატა მან.