29-11-2023 12:12:00 სამართალი
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან 2024 წლის 14 თებერვლამდე შეთანხმების წინადადება მიეცა, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს უკვე მიღებული აქვს და ის განხილვის ეტაპზეა. ასეთ შემთხვევებში, ერთადერთი მოპასუხე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, სახელმწიფოა, მას ყველა შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში სტრასბურგის სასამართლოდან წერილი უკვე მიღებულია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი დამუშავება, განხილვა მიმდინარეობს. მიხეილ კალანდია მზად არის, ამ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობა მიიღოს.
კალანდია უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ამისთვის სახელმწიფოს 14 თებერვლამდე აქვს ვადა. მიხეილ კალანდია ახლა სახელმწიფოსგან რეაგირებას ელოდება, რა შინაარსის გადაწყვეტილებას, რა შინაარსის მორიგებას გვთავაზობენ, ეს სახელმწიფოსგან უნდა გავიგოთ. შემდეგ, მხარეებს ვალდებულება გვაქვს, რაც ამ ურთიერთობის მანძილზე მოხდა, სტრასბურგის სასამართლოს ვაცნობოთ. მორიგების მიუღწევლობის შემთხვევაში, პირდაპირ წერია, რომ საქმე განხილვის მესამე ეტაპზე გადადის, სადაც სახელმწიფოს მოუწევს, სამ გარემოებაზე პასუხი გასცეს. პირველი, იყო თუ არა კალანდია სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილი, ამის დასაბუთება ძალიან გაუჭირდებათ. მეორე, როცა კალანდია მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ადამიანების დაკითხვას ითხოვდა, მიეცა თუ არა მას ამის შესაძლებლობა. მესამე, იყო თუ არა სამართლიანი და ობიექტური დროებითი საპარლამენტო კომისია, რომლის გადაწყვეტილებაც სასამართლო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა“, - განუცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“.