29-11-2023 16:36:24 პოლიტიკა
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას აქებს და მადლობას უხდის. ასე გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის შესახებ.
«აპლოდისმენტები! რა სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ იპოვა თავის თავში ვაჟკაცობა, არ აჰყოლოდა ანტირუსულ ისტერიას და ეხელმძღვანელა უპირველესად, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. მსგავსი პრიორიტეტების პირობებში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ზედიზედ მეორე წელია, სახეზეა ორნიშნა ზრდა. სხვათა შორის, არცთუ მცირე შემოსავალი მოაქვთ ქვეყნისთვის რუს ტურისტებსაც», — ნათქვამია კომიტეტის პროპაგანდისტულ განცხადებაში, რომელიც რუსული უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტები ხშირად გვესმის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც
რუსული კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-12 პაკეტის მზადების ფონზე ხდება.
«ესოდენ "შორსმჭვრეტელი" ევროჩინოსნების წყალობით ევროპა სულ უფრო მეტად ემსგავსება №6 პალატას დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით, თანაც ყველა სფეროში - ეკონომიკურში, სოციალურში, კულტურულ-მორალურში. და როგორც ჩანს, ეს საკმაოდ გადამდებია: პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა კიევსაც მიაღწია, სადაც სრულად დაკარგეს რეალობის აღქმა და სრული სერიოზულობით მსჯელობენ ყირიმში - უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე მდებარე ქალაქებისთვის სახელწოდებების ცვლილებაზე. რა არის ეს - სიგიჟე, თუ გონებაჩლუნგობა? სახეზე გვაქვს როგორც ერთის, ისე მეორეს ნიშნები» - ნათქვამია განცხადებაში.