29-11-2023 17:56:41 მსოფლიო
ყაზახეთის სასამართლომ 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადგილობრივ მოქალაქეს, რომელიც დაჯგუფება "ვაგნერის" რიგებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა.
გამოძიების ვერსიით, მსჯავრდებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ გაწევრიანდა "ვაგნერში", გაემგზავრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბახმუტში მიღებული ჭრილობის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
"მსჯავრდებული აპრილში გაემგზავრა უკრაინის ქალაქ ბახმუტში, სადაც მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში უკრაინის საკონსტიტუციო წყობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ",- აცხადებს სასამართლო.
ყაზახეთის კანონმდებლობის მიხედვით, დაქირავებით უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და პირადი ქონების კონფისკაციით ისჯება.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გაავრცელა. ამავდროულად, ყაზახეთი ინარჩუნებს ახლო კავშირებს რუსეთთან.