ამერიკელ პოლ უილანს მორდოვეთის კოლონიაში თავს დაესხნენ

29-11-2023 19:47:49 მსოფლიო

ამერიკელ პოლ უილანს, რომელიც რუსულმა სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, კოლონიაში სცემეს, იწუყება რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური.

დაკავებული, რომელიც თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, მანამდეც უჩიოდა მის წინააღმდეგ ძალადობას, თუმცა ადმინისტრაცია ამას უარყოფდა.

53 წლის ყოფილი საზღვაო ქვეითი იმყოფება მორდოვეთში, მაქსიმალური უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ამჯერად უილანი სხვა პატიმარმა სცემა „პოლიტიკური უთანხმოების საფუძველზე“. ამტკიცებენ, რომ კოლონიის თანამშრომლებმა მაშინვე შეაჩერეს თავდამსხმელი და ის და უილანი სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს. ამერიკელის შემოწმებისას, დაწესებულების ფერშალმა აღმოაჩინა სისხლის ჩაქცევა თვალის ქვეშ, – წერს DW „ინტერფაქსზე“ მითითებით.

მანამდე პატიმარზე ძალადობის შესახებ ძმამ განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა 28 ნოემბერს მოხდა სამკერვალოში: უილანს ახალმა თანასაკნელმა დაარტყა სახეში და სათვალე გაუტეხა. აღნიშნავენ, რომ თავდასხმის მიზეზი უილანის წარმომავლობა იყო. „ანტიამერიკული განწყობები არ არის იშვიათი სხვა პატიმრებს შორის“, - თქვა დევიდ უილანმა.

პოლ უილანი მოსკოვში 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დააკავეს. სასამართლომ მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქტომბერში CNN წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს „სერიოზული წინადადება“ შესთავაზა ამერიკელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები