
შავ ზღვაში შტორმის გამო რუსეთმა საბრძოლო დელფინები დაკარგა
29/11/2023 19:27:45 მსოფლიო
გაწვრთნილი დელფინები, რომლებსაც რუსეთი ყირიმში თავისი ფლოტის დასაცავად იყენებდა, 26 ნოემბერს რეგიონში მასიური შტორმის შემდეგ დაიკარგნენ. ის ფაქტი, რომ სევასტოპოლის ყურედან გაუჩინარდა საბრძოლო ცხოველების ვოლიერები, დასტურდება სატელიტური სურათებით, რომლებიც შეისწავლა OSINT-ის ანალიტიკოსმა H I Sutton-მა.
მან არ გამორიცხა, რომ კონსტრუქციები დაიტბორა ან ჩაირეცხა, რის შედეგადაც დელფინები გაათავისუფლეს. „შესაძლებელია, რუსულმა ფლოტმა კონსტრუქციები შტორმის დაწყებამდე გადაიტანა, მაგრამ ამ დროისთვის ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, დასძინა ანალიტიკოსმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ საბრძოლო დელფინები ტყვეობაში იზრდებოდნენ, ტრენერებზე იყვნენ დამოკიდებულნი საკვების ჩათვლით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლონ დამოუკიდებლად გადარჩენა. ამრიგად, ღია ზღვაში ყოფნა მათთვის შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენი იყოს.
შტორმმა ასევე ჩარეცხა თავდაცვითი სტრუქტურები, რომლებიც გამოიყენებოდა ყირიმის ხიდის საზღვაო დრონებისგან დასაცავად, თქვა – OSINT-ის ანალიტიკოსმა ბრედი აფრიკმა.
რუსეთმა საბრძოლო დელფინების გამოყენება უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ისინი განალაგეს სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის მთავარი საზღვაო ბაზის დასაცავად. მიმდინარე წლის ივნისში ცხოველთა რაოდენობა გაორმაგდა - ექვს-შვიდამდე. ხოლო შემოდგომაზე, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტმა აღმოაჩინა ვოლიერები დელფინებით ყირიმის ჩრდილო-დასავლეთით ნოვოზერნოიეს საზღვაო ბაზის მახლობლად.
ეს ძუძუმწოვრები სამხედრო მყვინთავების წინააღმდეგ ეფექტურებად ითვლება: ადამიანს, რაც არ უნდა გაწვრთნილი იყოს, არ შეუძლია იმავე სიჩქარით ცურვა. დელფინებს ასევე შეუძლიათ სანაპიროზე პატრულირება ვიდეოჩამწერი მოწყობილობით და რადიოშუქურით.